მე მგონია, რომ ბიძინა მივიდა იქ, სადაც მას უკან დახევა ჩაეთვლება სისუსტედ და შეცდომას კიდევ უფრო მეტ შეცდომებს ამატებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ამაზე მისი ნაბიჯები მეტყველებს.

"ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია შევიდა იმ სპირალში, საიდანაც გამოსვლას ვერ ახერხებს. ის არის მძიმე მდგომარეობაში, სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ნაბიჯები, რომელსაც მისი რეჟიმი ბოლო პერიოდში დგამს, მათ შორის ტროტუარზე დგომისათვის დაკავებებზე. ეს ხომ იმ ტიპის ამბავია, რომელიც თავად მათ ამომრჩეველსაც კი არ მოსწონთ. წარმოუდგენელია, "ქართული ოცნების" ამომრჩეველი, რომელიც არ არის რუსი, მისთვის მარტივად მისაღები ამბავი იყოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება რასაც აკეთებს. ტროტუარზე დგომის გამო რომ ადამიანებს ციხეებში სვამ, როცა ციხიდან ახალგამოსულ ადამიანებს სისხლის სამართლის ორ-სამ საქმეს უმატებ, არ მგონია, ეს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს მოსწონდეს.

მე მგონია, რომ ბიძინა მივიდა იქ, სადაც მას უკან დახევა ჩაეთვლება სისუსტედ და შეცდომას კიდევ უფრო მეტ შეცდომებს ამატებს.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას, სად არის საქართველო?! ბიძინა ივანიშვილის ქმედებების გამოძახილია ის, სადამდეც მისულია დღეს ქვეყანა. ერთადერთი, რის გამოც ჩვენ ჯერ კიდევ გვრჩება შესაძლებლობა, რომ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე და თანამედროვე მსოფლიოში ჩვენ ჩვენი ღირსეული ადგილი ვნახოთ, სადაც გრძელვადიანი პერსპექტივით ვიცხოვრებთ, ამის შესაძლებლობას ტოვებს საქართველოს მოსახლეობის ის პატრიოტი ნაწილი, რომლებიც ამ რეპრესიების მიუხედავად, სხედან საპატიმროებში და არ თანამშრომლობენ რეჟიმთან", - განაცხადა გიორგი კირთაძემ.