2026 წლის 21 ნოემბერს, მოსკოვში, დანილოვის მონასტერში მდებარე საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შეხვედრა გაიმართა. ქართული დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სახელით 80 წლის იუბილე მიულოცა.

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს მართლმადიდებელ სამყაროში უთანხმოებას იწვევს. პატრიარქ კირილის განცხადებით, იგი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ეკლესიის პოზიციას ამ საკითხებზე.

"მართლმადიდებელთა დაყოფა ძალიან მარტივია, ხოლო მათი გაერთიანება - ძალიან რთული. […] სამწუხაროდ, დღეს მთელი მართლმადიდებლობის სხეულზე გაჩნდა ისეთი ჭრილობები, რომელთა მკურნალობაც აუცილებელია. ამის გარეშე მართლმადიდებლობისთვის შედეგები შესაძლოა ყველაზე არასასურველი იყოს“, - განაცხადა პატრიარქმა კირილემ.

მან განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ეკლესიის როლი და მნიშვნელობა და განაცხადა, რომ იგი „კანონიკური ჭეშმარიტების მხარეს დგას“.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთსა და საქართველოს ეკლესიებს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებაზე. პატრიარქმა კირილემ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ქართველი სტუდენტები რუსეთში საღვთისმეტყველო განათლების მიღებას აგრძელებენ. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ თბილისში მცხოვრებ რუსულენოვან მორწმუნეებსა და მოსკოვის ქართულ თემს მშობლიურ ენაზე სულიერი მსახურების შესაძლებლობა აქვთ.

პატრიარქმა კირილემ ხაზი გაუსვა რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და განაცხადა, რომ მათ კიდევ უფრო განმტკიცების საფუძველი აქვთ.

თავის მხრივ, მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილეს მოსკოვში მიწვევის და საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის. მან ასევე ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაზე უკრაინის საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით:

"იცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია და არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

მან ასევე პატრიარქ კირილს მართლმადიდებლობის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ლოცვის აღთქმა გამოთქვა.

შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ჯვარი და ორი პანაღია გადასცა, მღვდელმთავრებს - პანაღიები, ხოლო პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს - სამახსოვრო ჯვარი. თავის მხრივ, ქართულმა დელეგაციამ რუსეთის ეკლესიის მეთაურს პანაღია და სადღესასწაულო ხატების გამოსახულებიანი ხატი მიართვა.