ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში. მაშინ მიხვდებით რეალურად, რას აშავებთ, რას უშავებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ, მოღალატეობრივ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ეს დრო გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში და დადგეთ იქ, სადაც დგანან ალბათ, ბევრი თქვენგანის შვილი, მათი მეგობრები, თანაკურსელები, თანატოლები, დები და ძმები. მაშინ მიხვდებით რეალურად, რას აშავებთ, რას უშავებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ეროვნულ ინტერესებს. ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ არ დაიბეგროს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.