ღარიბაშვილმა უნდა თქვას, ვინ იძლეოდა ადამიანების წამების ბრძანებებს [მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს] - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერს პოზიცია არ შეუცვლია და დღესაც ამბობს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია, რადგან ის ერთი ადამიანის სურვილის გამო ზის ციხეში და სამართლებრივი სასამართლოს გზით არ გასამართლებულა.

"ვიდრე ივანიშვილი ვინმეს სვამს ციხეში, სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია, თუნდაც თანხვედრა არსებობდეს, რომ დამნაშავე დაისაჯა ამ გზით. არ არსებობს ასე - მართლმსაჯულება ხორციელდება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ. აქ საუბარი არ არის ღარიბაშვილის დამნაშავეობა-უდანაშაულობაზე, საუბარია იმაზე, რომ რეჟიმი სჯის არამარტო ოპოზიციას, ან უდანაშაულო ადამიანებს აქცევს პოლიტიკურ პატიმრებად, არამედ, თავისი ხალხი, რომლებიც ობიექტური სასამართლოს პირობებში , კი, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში შეიძლება იყოს მხილებული,  ტყვედ ჰყავს აყვანილი", - განაცხადა გვარამია.

გვარამია ექსპრემიერის განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ  მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადამიანის წამება წერილის მეშვეობით შესაძლებელია, ასეთი "ნონსენსი" ნამეტანია, კონვენციურ სამართალს ასეთი რამ არ ესმის", - განაცხადა გვარამიამ.

პოლიტიკოსმა ექსპრემიერს ურჩია, ისაუბროს იმაზე, "მის დროს რომ ადამიანებს აწამებდნენ, ამ ბრძანებას ვინ გასცემდა".

"ჩვენ აქ რას ვლაპარაკობთ მასზე ეს, მეათეხარისხოვანია, რამენაირად გაირკვევა მისი სიმართლე თუ ის არსებობს, მაგრამ ის რასაც აკეთებს ეს დამთავრდება 15-წლიანი პატიმრობის მისჯით ან კიდევ გაგრძელდება.

მეტსაც გეტყვით, ღირსია, როცა ამხელა კაცი გამოდის და ამბობს, წერილზე გული წამივიდაო... ის ხომ ამ სამყაროში მარტო არ არის, მას ხომ უყურებენ მისი ოჯახის წევრები? რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, რის იქითაც არ უნდა გადავიდეს თავმოყვარე ადამიანი? ჩვენც ვმსხდარვართ ციხეში და ჩვენც გვინახავს ეს ზღვარი", - განაცხადა გვარამიამ.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ექსპრემიერის მიმართ "წამების ფაქტის განხორციელებაზე" გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ სოსო ბარათაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის 2 ნოემბრის სხდომის შემდეგ განაცხადა.

იურისტმა განმარტა, რომ წამება გამოიხატა ღარიბაშვილზე ფსიქიკურ და მორალურ ზეწოლაში - კერძოდ, მისთვის ისეთი დანაშაულის აღიარების შეთავაზებაში, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი მზად არის გამოძიებას დაუსახელოს ის პირი, ვინც შესთავაზა დანაშაულის აღიარება.