პრობლემა მეტად სერიოზულია და ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სამომავლო ინტერესებს ეხება. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიას საქართველო გამოჰყავს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგედ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბევრი რამ აჟიოტაჟის ატეხის და საქართველოზე ზეწოლის მიზნით კეთდება.

"კარგად გავეცანი აზერბაიჯანულ მედიაში წამოწყებულ კამპანიას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბევრი რამ აჟიოტაჟის ატეხის  და საქართველოზე ზეწოლის მიზნით კეთდება. საზღვარზე აზერბაიჯანული ტრაილერების შეყოვნების საკითხიც გაზვიადებული ჩანს. ამ ტვირთებში არაა საქმე, პრობლემა გაცილებით დიდია.

წარმოქმნილი წინააღმდეგობის  განხილვა იმ კუთხით, რომ “ოცნების” მთავრობა იმტერებს მეზობლებს  და ცალსახად აზერბაიჯანულ პოზიციებს მივემხროთ, არ არის სწორი. ამ ხელისუფლებას იმდენი ცოდვა მიუძღვის ხალხის წინაშე და იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ერთით დამძიმება არაფერს ცვლის. პრობლემა მეტად სერიოზულია და ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სამომავლო ინტერესებს ეხება.

სომხეთი საქართველოდან მარაგდება როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით. ეს ქართული პორტების და რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნავთობროდუქტების ასი პროცენტი ამ ქვეყანაში საქართველოდან შედის. რეგიონში მომხდარი დიდი ძვრების შედეგად ბევრი რამ მკვეთრად იცვლება. ეს არა მხოლოდ ზანგეზურის კორიდორის ამოქმედებას ეხება, რომელსაც საკმაო დრო დასჭირდება, არამედ  ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ალტერნატიული გზების გამოჩენასაც, რომელიც საქართველოს აუვლის გვერდს. ეს ანაკლიაზეც იმოქმედებს. ერთი კონკრეტული შედეგი უკვე დადგა: რუსეთის რკინიგზა  სომხეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდა. ასევე მყარდება  სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთპბროდუქტების მიწოდება უკვე პირდაპირ რკინიგზით მოხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს რკინიგზას  ნავთობის ჩვენს ტერიტორიაზე გატარების სატრანზიტო  ტარიფები აქვს დაწესებული.  რკინიგზის ამ მონაკვეთის (გარდაბანი-სადახლო) სიგრძე 111 კილომეტრია.  აზერბაიჯანი უკმაყოფილოა ამ ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს. რამდენად სამართლიანი ქართული მხარის შეთავაზება, ეს საკითხი შესასწავლია და რაიმე დასკვნას ახლა ვერ შემოგთავაზეთ. ეს ჩემზე უკეთ ამ დარგის ვიწრო სპეციალისტებმა იციან.

2026 წელს ვადა გასდის ბაქო-თბილისი-ერზურუმის მილსადენით საქართველოსთვის კუთვნილი გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების ხელშეკრულებას. მიმდინარეობს მისი განახლება. ზოგადად, აზერბაიჯანიდან გაზის მიღების საკითხები ახლებურად დგება დღის წესრიგში. რუსული გაზის ევროპაში იმპორტის აკრძალვის შემდეგ აზერბაიჯანული გაზი განსაკუთრებით სასურველი  გახდა ევროპისათვის. ისინი მნიშვნელოვნად მეტს უხდიან აზერბაიჯანს, ვიდრე ვუხდიდით ჩვენ და მომავალში შევძლებთ გადახდას.

ასეთ დროს საქართველოს მხრიდან ვითარების დაძაბვა უგუნურობა იქნებოდა. როცა ხელისუფლება არაადეკვატურია, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით ჩანს-აზერბაიჯანი ძაბავს ვითარებას. საქართველო უკვე არ არის მსოფლიო ბაზარზე მისი ენერგეტიკული რესურსების ექსკლუზიურად გამტარი. პოლიტიკურადაც ზურგმომაგრებულია. აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიას საქართველო გამოჰყავს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგედ, რომელიც ქმნის ბარიერებს და რომელსაც არ უნდა რეგიონის განვითარება და აყვავება. გაისმის ასევე მუქარა აზერბაიჯანული მედიის მხრიდან საქართველოს მიმართ. გვაგრძნობინებენ, რომ კოზირები მათ ხელშია. პირველ რიგში აზერბაიჯანულ გაზზე ჩვენი დამოკიდებულება იგულისხმება.

როცა საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება გყავს, მას არ შესწევს ქვეყნის ინტერესების ადეკვატურად დაცვის უნარი. საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა მრავალმხრივ ასუსტებს ქვეყანას, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობაში. ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს და ამ ინტერესების რეალიზების კუთხითაც უნდა შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს. 

აზერბაიჯანის მედიაში მუქარის შემცველი წერილები იბეჭდება. ეს სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო ტარიფების გამოა გამოწვეული. რამდენად სამართლიანია მათი პრეტენზია, ამას ცალკე შესწავლა სჭირდება.

ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ ჩვენი ინტერესი უნდა დავიცვათ, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა გვყავდეს. არც აზერბაიჯანის მთავრობაშია ანგელოზები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აზერბაიჯანის კიდევ ერთი სახელისუფლებო მედიაგამოცემა საქართველოს მშვიდობის წინააღმდეგ პოლიტიკაში ადანაშაულებს.  გამოცემა Minval.az, რომელიც აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიაა, აქვეყნებს სტატიას სათაურით: საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში ბაქოსა და თბილისის ურთიერთობებში აშკარა დაძაბულობა გამოიკვეთა, რაც აღარ არის ინდივიდუალური ბიუროკრატიული შეცდომების შედეგი – “გადაწყვეტილებათა ჯაჭვი მიანიშნებს, რომ საქართველოს რეგიონული პოლიტიკური ლოგიკა იცვლება”.