კობახიძის  მოწოდება სამართალდამცველებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა “ობეხეს” სისტემის რეანიმაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო რესურსების ტოტალური ძარცვა და ელიტური კორუფცია, რასაც თავად აღიარებენ შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.

"ოცნების” მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით.

ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა.

კობახიძის  მოწოდება სამართალდამცველებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა “ობეხეს” სისტემის რეანიმაცია. შემდგომი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელარუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ.

სახელმწიფო რესურსების ტოტალური ძარცვა და ელიტური კორუფცია, რასაც თავად აღიარებენ შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება.

"მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე, მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.