2025 წელს ჩვენ მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი არის უკვე რუსული გაზი, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ არის რუსეთის საბრძოლო იარაღი სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ.

"რუსული გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ. საქართველოში რუსული გაზის ხვედრითი წილი იზრდება, პარალელურად კი მცირდება აზერბაიჯანული გაზის მოცულობა. ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანული გაზის მოცულობა 2 წლის წინ იყო 1.4 მილიარდი კუბური მეტრი, შემცირდა 2-ჯერ - 2024 წელს 700 მილიონი კუბური მეტრი იყო და 2025 წლის ბალანსი გამოქვეყნდება და დაახლოებით იმავე სურათს მივიღებთ. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში იზრდებოდა რუსული გაზის მოცულობა და 2024 წელს თუ 800 მილიონი კუბური მეტრი იყო, უკვე 2025 წელს ჩვენ მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი არის უკვე რუსული გაზი, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ არის რუსეთის საბრძოლო იარაღი სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ.
ევროპა მთლიანად გაეთიშა რუსულ გაზს, უნგრეთი და სლოვაკეთი მომავალი წლიდან ასევე ჩაეხსნებიან. რუსეთს რეგიონში დარჩა სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი. რუსეთს, ფაქტობრივად, ჩაუწვა გაზი და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს შეუმციროს გაზის ტარიფი, პირიქით, 2025-სა და 2026 წელს გაზის ტარიფი გაიზარდა. ვხედავთ, რომ ამ მოვლენას აქვს სხვადასხვა შემადგენელი ნაწილი:

პირველი ეს არის პოლიტიკური - რუსეთის საამებლად, პოლიტიკურად ლოიალობის გამოხატულების ნიშნად "გაზპრომისათვის“ დახმარების ხელის გაწოდება, ვინაიდან, დასანქცირებულია „გაზპრომი“ და დასავლეთში ვერ გაყიდის ვერაფერს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ამ ვაჭრობაში ყოველთვის ჩადებულია პირადი ინტერესები - "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების კორუფციული ინტერესები.

მეორე მხარეა ის თუ, რატომ გვიმცირდება აზერბაიჯანული გაზის მოცულობა. დასუსტებულ ქვეყანას არავინ უწევს ანგარიშს. საქართველომ დაკარგა საერთაშორისო პარტნიორები, საქართველო სანქციების ქვეშ არის ივანიშვილის სახით ჯერჯერობით ნაწილობრივ ამერიკის მიერ. ევროკავშირი საქართველოს არ განიხილავს როგორც ევროპული სამყაროს ნაწილს, რეგიონული მეზობლებიც კი ჩვენგან დისტანცირდებიან, ვინაიდან სომხეთი ევროკავშირისკენ მიდის და აზერბაიჯანი თურქეთის მფარველობის ქვეშ რუსეთს ჩამოსცილდა. არავის სურს, ამ უსუსურ, მეგობრების გარეშე იმუნიტეტმორყეულ საქართველოსთან თანაბრად საუბარი. ეს გამოჩნდა აზერბაიჯანის პოზიციაში.

აზერბაიჯანი გვიმცირებს გაზს და გვეუბნება, წადით რუსეთში და იყიდეთ „გაზპრმისგანო“, გამოთავისუფლებულ გაზს სამმაგად ყიდის ევროპაში. ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით გადის 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, აქედან უფასოდ ჩვენ გვერგება 5%, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი. ამ 20 მილიარდიდან 10 მილიარდი მიდის ევროპაში თურქეთის გავლით, აზერბაიჯანს აქვს ვალდებულება, რომ მიყიდოს გარკვეული რაოდენობის გაზი ევროპას, რაც მისთვის არის ძალიან მომგებიანი. გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი ფაქტობრივად, უკვე ავსებულია, მისი მაქსიმალური გამტარუნარიანობა არის 23 მილიარდი კუბური მეტრი და მიაღწია უკვე ზედა ჭერს. რამდენი გაზიც არ უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანს, იგი ევროპას ვერ მიაწვდის, თუ მილსადენი ვერ გაფართოვდა. ერთხელ უკვე მოხდა რეკონსტრუქცია და 2 მილიარდი ჩაიდო საქართველოს ტერიტორიაზე და გაორმაგდა მისი გამტარუნარიანობა, კიდევ ერთხელ რომ გაიზარდოს, 5-7 წელიწადი სჭირდება ამას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.