საბა სხვიტარიძის საქმე წარმოადგენს სამოქალაქო აქტივისტის მიმართ „ქართული ოცნების“ რეჟიმის სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის მაგალითს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული.

"2025 წლის 3 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი დაუსაბუთებელია და ეფუძნება ცრუ ჩვენებებსა და საეჭვო ვიდეომასალას. სხვიტარიძე ცნობილი იყო როგორც პოლიტიკური პარტიის „ახალის“ წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ანტისამთავრობო და ანტირუსულ აქციებში.

საქმის მიმდინარეობისას პროკურატურამ თავდაპირველად სხვიტარიძეს წაუყენა მძიმე ბრალდება — პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც 7-11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რაც პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია. მოგვიანებით, ბრალდება გადაკვალიფიცირდა ნაკლებად მძიმე დანაშაულზე. მაგრამ გვიანდელი ბრალდება ისევე თვითნებური და უკანონოა, როგორც თავდაპირველი.

სასამართლომ ვერ დაიცვა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპები — უდანაშაულობის პრეზუმფცია, მტკიცებულებათა შეფასების მიუკერძოებლობა და ეჭვის შემთხვევაში ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე, უგულებელყო ინფორმაცია სხვიტარიძის პოლიციაში ფიზიკური ძალადობის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.