ილჰამ ალიევი გვიწყვეტს მინისტრების დანიშვნას, მთავრობის ფორმირებას, ენერგოტარიფებს და ამასთან ერთად, გვართმევს დავით გარეჯს, ქურმუხს, კულტურას, ისტორიას და მადლიერების ნიშნად ჩვენ ახლა აქ ალიევის კულტურის ცენტრი უნდა ვაშენოთ, რაც არის დაუშვებელი და გამორიცხული, - ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანამ დავით გარეჯი საქართველოს არ დაუბრუნდება, მანამდე არც კი უნდა განიხილებოდეს მსგავსი საკითხები.

“მეგობრებო, ვიმყოფებით მეტეხის დალოცვილ ტაძართან და ჩანს თბილისის გული - აბანოთუბანი, სადაც ილჰამ ალიევი აშენებს ალიევის სახელობის კულტურის ცენტრს, რისთვისაც თავისი საცხოვრისიდან ერეკება აქ გაზრდილ ქალაქელებს.

ვერცერთი უვარგისი ხელისუფალი ვერ შეცვლის ქართველ - აზერბაიჯანელთა ძმობას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ერთი რამ, ივანიშვილის ავადმყოფური მადის და მილიარდების შოვნის გამო, საქართველო, ფაქტობრივად, გახდა ალიევის კოლონია. ამ დროს ჩვენი ხალხი ათასწლეულები ებრძოდა იმპერიებს და იმპერატორებს და მათ არ ემორჩილებოდა და დღეს, ილჰამ ალიევი გვიწყვეტს მინისტრების დანიშვნას, მთავრობის ფორმირებას, ენერგოტარიფებს და ამასთან ერთად, გვართმევს დავით გარეჯს, ქურმუხს, კულტურას, ისტორიას და მადლიერების ნიშნად ჩვენ ახლა აქ ალიევის კულტურის ცენტრი უნდა ვაშენოთ, რაც არის დაუშვებელი და გამორიცხული.

სანამ აზერბაიჯანის ხელმძღვანელი არ დააბრუნებს და არ გაიყვანს უკანონოდ მყოფ თავის შეიარაღებულ ძალებს, ჰერეთში ქართველობას არ მიეცემა შესაძლებლობა განვითარდნენ თავიანთი ქართული თვითშეგნებით და არ ამუშავდება იქ დახურული ტაძრები და სანამ არ დაამთავრებს ალიევის ადმინისტრაცია ისტორიის გადაკეთებას, მანამდე არა მარტო ეს კულტურის ცენტრი არ უნდა აშენდეს, არამედ, როცა აშენდება, ეს ხალხი უნდა დარჩეს იქ და კულტურის ცენტრმა არ უნდა შელახოს ადამიანთა უფლებები“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.