პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად. ეს იქნება გააზრებული აქციები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას საქართველოს პრეზიდენტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადასტურებს იმას, რომ საზოგადოება არის კონსოლიდირებული და მოწინააღმდეგედ რჩება მხოლოდ ივანიშვილი.

"ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს თანამეგობრობასთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ეტაპზე 26 ოქტომბრის არალეგიტიმურ არჩევნებს აღიარებს მხოლოდ 9 სახელმწიფო, აქედან, სამი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. ეს არის რუსეთი, ეს არის ვენესუელა და ნიკარაგუა, ესეც ცხადად მეტყველებს რა გზას დაადგა ივანიშვილი. რამდენიმე დღეში ამერიკაშიც იმართება არჩევნები, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა მოიცალა საგანგებო განცხადებისთვის, რომ გამოხმაურებოდა საქართველოს არჩევნებს, სადაც ნათქვამია, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დაყრდნობით, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი. პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად. ეს იქნება გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად. ჩვენი ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას საქართველოს პრეზიდენტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადასტურებს იმას, რომ საზოგადოება არის კონსოლიდირებული და მოწინააღმდეგედ რჩება მხოლოდ ივანიშვილი. ჩვენ პრეზიდენტსაც წარვუდგენთ იმ ანგარიშს, სადაც არის წარდგენილი უამრავი დარღვევა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.