ნებისმიერი პოლიტიკოსი იზომება ელექტორალური ნიშნით. რა ნიშნით მოხვდით პარლამენტში, ბატონო სანდრო, ეგ მაინტერესებს? მე მგონია, რომ თქვენც კაცის დამსახურებით მოხვდით პარლამენტში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გენდერული კვოტის გაუქმების განხილვისას კომიტეტზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილების ინიციატორებს სინამდვილეში თანასწორობა არ ანაღვლებთ.

"მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ თქვენ თანასწორობა გაღელვებთ იმიტომ, რომ გუშინ თქვენი ერთ-ერთი კოლეგა, ჩემი კოლეგაც, მეგრელიშვილი, გამოვიდა სატელევიზიო ეთერით, გამიკვირდა მისგან ასეთი რამ და აღნიშნა, რომ თურმე ქალებმა უნდა დავიმსახუროთ თანასწორობა და აღნიშნა, რომ თურმე პროფესიული ნიშნით უნდა მოვხვდეთ.  
საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკოსი იზომება ელექტორალური ნიშნით. რა ნიშნით მოხვდით პარლამენტში, ბატონო სანდრო, ეგ მაინტერესებს? მე მგონია, რომ თქვენც კაცის დამსახურებით მოხვდით პარლამენტში და გგონიათ თუ არა, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე რომ არ ყოფილიყო, რომელთანაც ახლა სერიოზული ქიშპობა გაქვთ, მოხვდებოდით პარლამენტში? თქვენც კაცების დამსახურებით ხართ აქ ყველა, როგორც ძალიან ბევრი ქალი, თქვენ რა პროფესიული ნიშნით მოხვდით პარლამენტში, ბატონი ჰერმანი, იაგო და სანდრო, თქვენ რა გაქვთ ის გამორჩეული პროფესიული ნიშანი, რის გამოც თქვენ საქართველოს პარლამენტში თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ?" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების გაუქმებას. ინიციატივა "გირჩს" ეკუთვნის, რომელსაც "ქართული ოცნება" მხარს უჭერს. პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.