"გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ მიმართულებით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე − მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად. უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის დამფუძნებელი ყრილობა და დავიწყებთ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისათვის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომიკური შესაძლებლობების აღიარება იმ გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“.

"ამიტომაც ვართ საინტერესო მსოფლიოსთვის და ეს ინტერესი უნდა გამოვიყენოთ არა რომელიმე ქვეყნის თუ გაერთიანების ინტერესების გასატარებლად, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის იმის აუცილებლობის საჩვენებლად, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური კეთილდღეობა არათუ არ უპირისპირდება რომელიმე მათგანის ინტერესებს, არამედ საშუალებას აძლევს მათ, სწორედ ასეთი საქართველოს არსებობის პირობებში მიიღოს ყველა მოთამაშემ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 

წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების საკითხში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანად და გონივრულად გამოყენება საშუალებას მოგვცემს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხითაც დავაინტერესოთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი, არამედ თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები“, - განაცხადა შაქარიშვილმა.