ვისაც ლილუაშვილი და ღარიბაშვილი მფარველობდა, მათ ტყავს გააძრობენ ისე, რომ ხორცი არ გადაჰყვეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ კორუფციაში კახა კალაძე ბოლომდეა ჩაფლული.

"ყველაფერი ის, რაც ფასებთან დაკავშირებით ხდება, არის "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ბრალეულობა. პირველ რიგში, ეს არის ინფლაციის დამსახურება.

რაც კი პროდუქცია შემოდის საქართველოში, აბა, გაბედეთ და შემოიტანეთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან დალაგების გარეშე, ეს ხომ გამორიცხულია.

ვისაც ლილუაშვილი და ღარიბაშვილი მფარველობდა, მათ ტყავს გააძრობენ ისე, რომ ხორცი არ გადაჰყვეს და შემდეგ თავიდან გადალაგდებიან, როგორც ახლა კალაძე ამბობს, რომ თურმე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ეს არის ტყუილი და კახა კალაძე ამ კორუფციაში ბოლომდე არის ჩაფლული", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ცნობით, მას დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.