შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული 4 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ეს შემცველი სითხე და 16 შეკვრად დაფასოებული  ამავე სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.