კოალიციამ იმუშავა და შეაგროვა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გადაიგზავნოს იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც შეიძლება, შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი, -  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 9 საერთაშორისო სტრუქტურაა ამ საკითხთან დაკავშირებით მოპოვებული.

"უკანასკნელი კვირების განმავლობაში კოალიციამ იმუშავა და შეაგროვა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გადაიგზავნოს იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც შეიძლება, შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი. ამ წუთისთვის ასეთი არის, ჩვენ მიერ მოძიებული, 9 საერთაშორისო სტრუქტურა. ეს დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილია ელექტრონული სახით ამ სტრუქტურებში და ესენიც, რასაც აქ ხედავთ ფიზიკურად, ამობეჭდილი სახით გაიგზავნება ნაწილი დღეს, ნაწილი -  ხვალ ყველა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში. 

დღეს იმავე საკითხზე ბრიფინგი ჰქონდათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მათთან ვართ სრულ კოორდინაციაში ყველა პარტიასთან და ყველა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი საქმე, ყველას ცალ-ცალკე ვისაც რა შეუძლია, რომ გააკეთოს, ამ პროცესში არის ჩართული, რაც საბოლოო შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.