15 ივნისს, 15:00 საათზე ჭიათურაში, მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.

პროტესტის მონაწილე მაღაროელები დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"15 ივნისს, 15 საათზე გელოდებით საპროტესტო აქციაზე მერიის წინ. აქცია ეძღვნება ჩვენს უსამართლოდ დაკავებულ ოთხ თანამებრძოლს.

ჩვენი ამოცანა და ნომერ პირველი პრიორიტეტია ამ ბიჭების გათავისუფლება. გახსენებთ, რომ 28 თებერვალს ყველა ამ ბიჭებს შეყურებდით იმედის თვალით — უკრავდით ტაშს და ამხნევებდით.

მაშინდელი მოცემულობა მკვეთრად შეიცვალა სწორედ ამ ბიჭების და პროტესტის ძალისხმევით. მეტიც - შეიძლებოდა ბევრად უკეთესი შედეგი დაგვედო. მთავარია ერთმანეთის თანადგომა, დაფასება და პატივისცემა.

უსამართლობაა ამ ბიჭების მიტოვება და 9-წლიანი ციხისთვის გაწირვა.

ნუ დავივიწყებთ იმ გასულ თვეებს, როცა ერთ მუშტად ვიდექით.

ჩვენი დაყოფა ჩვენი დამარცხების ტოლფასია. ნუ მივცემთ მავანს ამის საშუალებას", - აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურელი მაღაროელები ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 29 აპრილს დააკავეს. 13 ივნისს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ივლისს ჩატარდება.