გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც პოლიციელის გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა.

საუბარია 25 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი პოლიციელის მიერ გასროლილი ბრმა ტყვიით დაიჭრა.

თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში იყო მოთავსებული. ექიმის თქმით, პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს სტაციონარში, ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციელი დაკავებულია. პროკურატურის თანახმად, დაკავებულმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში, პირადი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.