თბილისის მერმა კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა.

ირაკლი თევზაძის ოჯახს, რომელსაც ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა, სახლი სოფელ ოფეთში გადაეცა. ოჯახში შვიდი არასრულწლოვანი, მათ შორის ორი ბავშვი, მინდობით აღზრდის პროგრამით იზრდება.

თბილისის მერმა მოსახლეობას შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

"ტრადიციას განვაგრძობთ და 2012 წლიდან მოყოლებული, სამტრედიაში ყოველწლიურად იმართება საახალწლო კონცერტი. გარდა ამისა, ვაბედნიერებთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ძალიან მიხარია, რომ ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობრებიც შემომიერთდნენ. რა თქმა უნდა, იმ ოჯახების დახმარებასა და საცხოვრებლით დასაჩუქრებას გავაგრძელებთ, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან. სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, შობას და ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, პირველ რიგში, მშვიდობას და სულიერ სიმშვიდეს ვუსურვებ. ჯანმრთელობა, სიკეთე, ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას. ყველაფერი ისე ყოფილიყოს, როგორც თქვენს გულებს გაუხარდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თევზაძეების ოჯახის წევრებმა თბილისის მერს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადეს და მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს.

"ძალიან ბედნიერები ვართ, საოცარი ახალი წელი გვაქვს. პირველ რიგში, მადლობა კახა კალაძეს ჩემი შვიდი შვილის სახელით.  რასაკვირველია, საკუთარ სახლში ცხოვრება მათ მომავალს უკეთესობისკენ შეცვლის. მინდა, ყველას მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა", - განაცხადა ირაკლი თევზაძემ.

საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა იყო წარმოდგენილი. ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა, ბენდის მუსიკოსებთან ერთად, სამტრედიელებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სამშენებლო კომპანიების - „არქისა“ და „ბლოქსისგან“, ასევე, პარლამენტის წევრებისგან - გიორგი ბარვენაშვილის და შოთა ბერეკაშვილისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ოთხმა ოჯახმა მიიღო.

ახალ სახლებში იცხოვრებენ გოგიტა ჩერქეზიას, ედვარდ ხუბაშვილის, გივი გელაძის და ირაკლი თავაძის ოჯახები.