წნორში გარდაცვლილი 44 წლის ქალის ოჯახი ამბობს, რომ ის შეუძლოდ მეზობელი კაცის დარტყმის შედეგად გახდა და ნერვიულობის ნიადაგზე არ გარდაცვლილა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ ოჯახი შსს-ს ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება. 

მათივე თქმით, ქალმა სიკვდილამდე თავად თქვა, რომ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების განმუხტვის მცდელობისას, მამაკაცმა მას მუცლის არეში დაარტყა. ამის შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მალევე გარდაიცვალა. გამოცემა წერს, რომ ფაქტს ქალის მცირეწლოვანი ვაჟიც შეესწრო.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ახლა ოჯახი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება, რომელმაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მათი მეზობელი ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ კაცი ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც ქალმა დახმარება ითხოვა. დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემას "მთავარი ამბები კახეთიდან" უთხრეს, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ის, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. კაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა.