შინაგან საქმეთა სამინისტროს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.