სანთებელაზე ელისაშვილის კავშირი ჩატარებული საექსპერტო კვლევებით არ დადასტურდა, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოზე აღნიშნულ დეტალზე გაამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე.

“საქმე განიხილება უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა არის, რომ სანთებელაზე ელისაშვილის კავშირი ჩატარებული საექსპერტო კვლევებით არ დადასტურდა.

ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა, ადასტურებენ იმას, რომ 110 ლარიანი ზიანი იყო მიყენებული ჯამში მატერიალური კუთხით, ხოლო მთავარი დანაშაულის იარაღზე, რომელზეც ამბობენ, რომ  ტერაქტი უნდა განხორციელებულიყო სანთებელათი, მასზე არ არის გამოვლენილი ბრალდებულის არც ბიოლოგიური და არც სხვა რაიმე კვალი და კავშირი", - განაცხადა  არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.