პროკურატურამ იშუამდგომლა სხდომის დახურვის თაობაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ მყარი პოზიცია. მათი არგუმენტებიდან გამომდინარე, არ უნდა მომხდარიყო გარკვეული მოწმეთა ბაზის გამომჟღავნება, რომელიც მათი თვალსაზრისით არიან, ალბათ, ე.წ. "ოქროს მოწმეები", - ამის შესახებ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლოზე არგამოცხადება საქმის მასალების სრულად გაცნობის მიზნით იყო.

"მოკლედ, პროკურატურამ იშუამდგომლა სხდომის დახურვის თაობაზე. ჩვენ დავაფიქსირეთ მყარი პოზიცია. მათი არგუმენტებიდან გამომდინარე, არ უნდა მომხდარიყო გარკვეული მოწმეთა ბაზის გამომჟღავნება, რომელიც მათი თვალსაზრისით არიან, ალბათ, ე.წ. "ოქროს მოწმეები" და ბრალდების ძირითად მამხილებელ მტკიცებულებებს წარმოადგენენ. თუმცა ამაზე მე ცალსახად დავაფიქსირე ჯერ ის პოზიცია, რომ ზოგადად აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს შინაარსობრივად არავინ არ შედის განხილვაში, თუ რომელი მოწმე რას მიუთითებს და ა.შ., ხოლო ჩამონათვალი, მე მგონი, პრესამ კარგად იცით, რომ მანამდე ჟღერდება და არაერთხელ დააანონსდა, თავად პროკურატურამ დააანონსა იმ პირთა წრე, რომელიც ამ საქმეში სახელდებიან და რომლებიც ფიგურირებენ, ასევე დააანონსა პროკურატურამ ყველა ის საეჭვო კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც შემდგომ ბრალდების დადგენილებაში აისახა,  ამიტომ, მე ვთვლი, რომ საზოგადოებისთვის და თუნდაც იმ მოწმეთა ბაზისთვის ეს ისედაც ცნობილი იყო, რომელი მოწმეები გადიან ამ საკითხში, რომელ მოწმეებზე მოხდება გამოძიების აპელირება და რომელი მოწმეების ვითომდა, დაფარვის, დამალვის და არგამჟღავნების მიზნით მოითხოვა სხდომის დახურვა.

აქ საუბარია იმაზე, რომ ბატონმა გრიგოლმა პატივისცემა გამოხატა სასამართლოსადმი და ახსნა მისი დღეს არგამოცხადება. მას აქვს თავისი სტრატეგია, მას არ უნდა იმ როლში ყოფნა, რომ მხოლოდ მოისმინოს ბრალდების პოზიცია და არ იყოს სრულად ინფორმირებული სისხლის სამართლის საქმეებზე", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს თავად ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრებოდა.

საქართველოს პროკურატურამ სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი გუშინ დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.