ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. 

დღეს, 24 იანვარს კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი საქართველოში 2022 წელს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში ბიზნესმენის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7.2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. ბიზნესმენს სასამართლომ თავისუფლების 8-წლიანი აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა გასული წლის ივნისში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

გალიფ ოზთურქის უკანონო ბიზნესსაქმიანობაზე წლების მანძილზე საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ ბათუმის ცენტრში 12 კორპუსი მან უნებართვოდ ააშენა. ამავე ცნობებით, შენობების დანიშნულება თაღლითური ქოლცენტრებისა და ონლაინ კაზიონების ქსელის გაფართოება იყო. ოზთურქის საქმიანობის თაობაზე კი ინფორმირებული იყო ივანიშვილიც და ოცნებაც. ოზთურქის მფარველად პრემიერობის დროს, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილი მოიაზრებოდა. ოზთურქის უკანონო ბიზნესსაქმიანობაზე ინფორმაციას უარყოფდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ცნობები მთავრობის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.