ჩინეთში ტრაგიკულად დაღუპული გიორგი წილოსანის ოჯახი გამოძიებას ითხოვს. 34 წლის ქართველი მეზღვაური დალიანის პორტში 25 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა.

მიზეზი ნავთობტანკერ ELIAK-ზე აფეთქება გახდა; გიორგი წილოსანი იქ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. აფეთქების შედეგად მეზღვაურს ცეცხლი მოედო, მან დაცემისას თავი დაარტყა, შემდეგ კი წყალში ჩავარდა.

გიორგი წილოსანის ძმის ინფორმაციით, რომელიც ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა, აფეთქების მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა და ამის ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს.

ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართავს და დახმარებას ითხოვს.

ოჯახი ასევე ითხოვდა, რომ გამოძიების დასრულებამდე, გემს არ დაეტოვებინა ჩინეთის ტერიტორიული წყლები, რაც საქართველოს საგარეო უწყების დაგვიანებული რეაგირების გამო, ვერ მოხერხდა:

"გემმა ჩინეთი რომ დატოვა და გავიგეთ, აკაკიმ [დაღუპულის ძმა] მიწერა ბატონ ნიკოლოზს, რომ გემმა ჩინეთი დატოვაო. ბატონმა ნიკოლოზმა აკაკის მოწყენილი სმაილიკი გამოუგზავნა იმის მაგივრად, რომ კითხვაზე გაეცა პასუხი. ნიკოლოზ გოგიტიძე კურირებს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გიორგის გადმოსვენებას", - ამბობს დაღუპულის დედა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში  წილოსანის საქმეს ამჟამად ნოდარ კომახიძე კურირებს და ამბობს, რომ გამოძიების დასაწყებად ჩინურ მხარეს მიმართეს, თუმცა დეტალებს, რა მოქმედებები ჩაატარა უწყებამ, ის არ აკონკრეტებს.

ტრაგიკულად დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში სავარაუდოდ, 15 ივნისს ჩამოასვენებენ.

mtavari.tv