"მაისის მოძრაობა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14 სექტემბერს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დასანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ოთარ ფარცხალაძეს (და რუსეთის უსაფრთხოების ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს) სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის გავრცელების გამო. ამავე ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო სავარაუდოდ, დაეხმარა ოთარ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდნენ. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ FSB-სთან კავშირით პირადი სარგებელი მიიღო.

"მაისის მოძრაობა" მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის უკიდურესად შემაშფოთებელი, ვინაიდან დადასტურების შემთხვევაში ის მეტყველებს უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოებში რუსული აგენტურის ჩანერგვასა და ქვეყნის საზიანოდ მათ მოქმედებაზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 311-ე მუხლით უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა ან საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე.

აღნიშნულთან ერთად კითხვის ნიშნებს ბადებს ოთარ ფარცხალაძის სწრაფი გამდიდრების ფაქტიც. 2013 წელს, როდესაც ფარცხალაძე გენერალური პროკურორი გახდა, მისი ქონება მხოლოდ ერთ სახლს შეადგენდა, ხოლო დღეს ის საქართველოში 20-ზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს - მიწის ნაკვეთები, აგარაკები, კომერციული ფართები, ბიზნესები და კერძო ეკლესიას კი.

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

- საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში;

- მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით3 გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა 19.09.2023 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ „პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოსა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე "მაისის მოძრაობა" მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს:

- დაიწყოს გამოძიება რუსულ სპეცსამსახურებთან ოთარ ფარცხალაძის კავშირის და მისი ქონების წარმომავლობის დასადგენად.

ასევე, მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაწყებულია თუ არა საქართველოს მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საქმის წარმოება;

- რომელი საკანონმდებლო საფუძვლით მიმდინარეობს საქმის წარმოება.

- რომელი სახელმწიფო ორგანოს წარდგინების საფუძველზე მიმდინარეობს საქმის წარმოება", - აღნიშნულია განცხადებაში.