შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სისტემატურად ჩადენილი ძალადობისა და არაერთგზის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელს - 1987 წელს დაბადებულ რ.ე.-ს 2025 წლის სექტემბრიდან სისტემატურად სთხოვდა ფულს და გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მუქარისა და დაშინების გზით რ.ე-მ სექტემბრიდან დღემდე, სხვადასხვა დროს ბრალდებულს ჯამში 1300 ლარი გადასცა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.ა. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.