შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1965 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მძიმე ტექნიკით გზის გაყვანით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რკინის მილი  - 1958 წელს დაბადებულ რ.მ.-ს დაეცა. მიღებული დაზიანების შედეგად რ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ზ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.