შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული ა.ა. და 1994 წელს დაბადებული ს.ზ., სხვადასხვა დროს, ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, „პრეგაბალინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.