შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის: "კოკაინი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.