პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში, თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული დაჰპირდა დაზარალებულს, რომ თითქოსდა ნაცნობების დახმარებით აზერბაიჯანის ციხიდან მისი შვილის 11000 ლარის ჯარიმით გამოიყვანას შეძლებდა. აღნიშნული თანხა დაზარალებულს გამოართვა, რომელიც მიისაკუთრა.

ასევე, ბრალდებულმა სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი სურათების წაშლის მოტივით, თაღლითურად მიისაკუთრა ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი 5900 ლარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა", - აცხადებენ პროკურატურაში.