თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა ორი წლის ვადით.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლომ მიქაუტაძე ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთმევა შემდეგი ქონება: ესპანეთში არსებული 120 კვ ბინა, ასევე წეროვანში არსებული სახლი, რომლის ფართია 1 200 კვადრატი, ავტომობილები, „ნახიდურ ჰესის“ 15%-იანი წილი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ძვირად ღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები.

წინა სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა რომეო მიქაუტაძემ, რა დროსაც აღნიშნა, რომ მზად არის „აღიაროს არარსებული დანაშაული, აანაზღაუროს არარსებული ზიანი და გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება“. პროკურატურაში კი განმარტეს, რომ მიქაუტაძე ბრალს არ აღიარებს და ასეთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს.