საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების და სხვა მედიასაშუალებებისთვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა.

აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბარხზე - პირდაპირი ეთერის რეჟიმში.

შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.