TV პირველის ცნობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა, პარალელურად კი, საპატიმრო დატოვა მისმა ძმამ კობა ხუნდაძემ.

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2025 წლის 31 ოქტომბერს დაიწყო.

პროკურატურა აცხადებდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად, გორში, უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

რაც შეეხება მის ძმას, კობა ხუნდაძეს - ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი იყო, რომელიც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კობა ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება 16 იანვარს დატოვა.

ადვოკატი არ საუბრობს, კონკრეტულად რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გირაოთი.