სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ინფორმაციით, ბათუმელ მედროშეს თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის  გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების შესახებ მიღებულ აქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.  

შესაბამისად, ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე კვლავ მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში იმყოფება და ელოდება სასამართლოს  საბოლოო გადაწყვეტილებას. ეროვნულ დონეზე საქმის წარმოებაში თემურ ქათამაძეს სამართლებრივ მხარდაჭერას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაცია უწევს. 

ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე კი სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 2025 წლის  11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.  ის 16  იანვარს სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს და შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.  18 მარტს საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.