ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათივე ცნობით, 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანებას არცერთი არ ეთანხმება.

"გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ფარულ გამოკითხვაში ერთსულოვნად დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. 62 პროფესორიდან, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.

ხსენებული გამოკითხვის საფუძველზე ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელთან მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ღია წერილი:

მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი - საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი,  რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია; ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი.

ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვითხოვთ:

1. შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს.

2. დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და არგუმენტირებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან", - აღნიშნულია განცხადებაში.