მე მინდა, ვანუგეშო საზოგადოება, რომ პატრიარქის მადლი გაცილებით უფრო დიდი მადლით დაუბრუნდება საქართველოს. ერთადერთი რამაა საჭირო, გავერთიანდეთ ქრისტიანული ღირებულებების გარშემო და ეს იქნება საწინდარი როგორც მშვიდობისა ჩვენს ქვეყანაში, ისევე ჩვენი სულიერი და ტერიტორიული გამთლიანებისა, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქმა ერი ივერიის გაბრწყინებისთვის მოამზადა.

"უპირველეს ყოვლისა, ყველას მინდა მივუსამძიმრო ამ დიდი ტკივილის გამო, პატრიარქის გარდაცვალების გამო და ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ყველანი გაგვაერთიანა პატრიარქის სიყვარულმა და კიდევ ერთხელ, განვიცადეთ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც მის მოღვაწეობას.  თქვენ ბრძანეთ, რომ ეპოქა დასრულდა, მე ვიტყოდი, რომ პატრიარქის აღსაყდრებით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელსაც ჰქვია ქართლის მეორედ მოქცევა. 

საქართველოს ისტორიაში აღვნიშნავთ წელს ქართლის მოქცევის 1700 წლის თავს და არასოდეს ერი არ ყოფილა ისე დაცილებული ღმერთს, დედა ეკლესიას, სარწმუნოებას, როგორც ეს იყო ბოლო საუკუნეებში, განსაკუთრებით მე-19 და მე-20 საუკუნეში. წარმოუდგენელი იყო ის მდგომარეობა, რაც დახვდა ილია მეორეს საქართველოს ეკლესიაში, განადგურების პირას იყო მისული ეკლესია და წარმოუდგენელი იყო, რომ, ისევ და ისევ, ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდის პირობებში, დაწყებულიყო აღორძინება. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველივე დღე, მისი აღსაყდრებიდან იყო ქართველი ერისთვის განცდა იმისა, რომ დაიწყო ახალი ეპოქა. მან თავისი დანიშნულება აღასრულა, ის ღმერთმა მოავლინა, რომ ქართველი ერი დაბრუნებოდა წინაპართა გზას და კვლავ ქრისტეს მცნებების ერთგული ერი ყოფილიყო. მე ვფიქრობ, ქართველი ერი არის ასეთი, მიუხედავად მრავალი სირთულისა, რომელიც ყოველთვის იყო.  მე მგონია, რომ რაც მან გააკეთა არის აღსრულება იმისა, რასაც ჰქვია ივერიის გაბრწყინებისათვის ერის მომზადება. ილია მეორე პირველივე ქადაგებიდან ამბობდა, რომ ივერია უნდა გაბრწყინდეს.

პატრიარქის ყველა ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ის, რაც მან გააკეთა, როგორი დიდიც არ უნდა იყოს პიროვნება, ადამიანურ ძალებს აღემატება. ამის შესახებ სახარებაში წერია - "შეუძლებელი კაცთაგან ღვთისა მიერ ყოველივე შესაძლებელი არს" - ანუ, მასში მოქმედებდა ძალა ღვთისა, რომელიც უხვად გარდმოდიოდა ჩვენზე და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის ღმერთშემოსილი პიროვნება, ანუ სული წმინდის ჭურჭელი, ტაძარი ღვთისა და ასეთი ადამიანების ადგილი არის სასუფეველში და ასეთი ადამიანები აგრძელებენ ზრუნვას თავის ერზე.

მე მინდა, ვანუგეშო საზოგადოება, რომ პატრიარქის მადლი გაცილებით უფრო დიდი მადლით დაუბრუნდება საქართველოს. ერთადერთი რამ არის საჭირო, რომ ჩვენ გავყვეთ ჩვენს პატრიარქს. ის შეგონებები, რომელსაც ის გვაძლევდა წლების მანძილზე, აღვასრულოთ. გავერთიანდეთ ქრისტიანული ღირებულებების გარშემო და ეს იქნება საწინდარი როგორც მშვიდობისა ჩვენს ქვეყანაში, ისევე ჩვენი სულიერი და ტერიტორიული გამთლიანებისა", - განაცხადა მეუფე დანიელმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.