მართლმსაჯულება რომ გულის ფართხალზე იყოს დამოკიდებული, ციხეები ცარიელი იქნებოდა და სასამართლო პროცესები მთქნარებაში იქნება წარმართული, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ ნია იმნაძის სამედიცინო ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო ცნობების მიხედვით, რის საფუძველზეც ნია იმნაძე სასამართლოში არ ცხადდება, აქვს დანიშნული მედიკამენტი, რომელიც ბარამბოს, ვალერიანს და პიტნას შეიცავს.

"ნია იმნაძის ადვოკატმა გიორგი ლეკიაშვილმა არაერთი ცნობა წარადგინა სასამართლოში, ამ ცნობების ავთენტურობას მოვიკვლევ და დავადგენ. პირველი ცნობა არის კარდიოლოგის, რომლის მიხედვითაც, გულის სტრუქტურა და ფუნქცია ნორმაშია და კარგად მუშაობს. მე-2 და მე-3 ცნობები ერთი და იმავე ფსიქოთერაპევტმა გასცა. მან პაციენტი 4 თებერვალს ნახა. მას დანიშნული აქვს მედიკამენტი, რომელიც პიტნას, „ვალერიანს“ და ბარამბოს შეიცავს. ფსიქოთერაპევტმა პაციენტი 4 თებერვალს ნახა, პირველი ცნობა 9 თებერვალს, მეორე კი 27 აპრილს გასცა, სასამართლო პროცესის წინა დღეს, 28-ში უნდა ყოფილიყო პროცესზე გამოცხადებული. 2 თვის წინ ნანახით გასცა ცნობა ფსიქოთერაპევტმა. ეს უკვე განგაშია.

27 აპრილის ცნობაში ჩამატებულია, რომ პაციენტმა კარდიოლოგს მიმართა, მაგრამ, იცოდა თუ არა ფსიქოთერაპევტმა, რომ ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენები იყო დამონტაჟებული? ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ნია იმნაძე 4 თებერვალს საკმაოდ ლაღი და ბედნიერია. იცოდა თუ არა ფსიქოთერაპევტმა, რომ იმნაძის გული ჯანმრთელი იყო. მართლმსაჯულება, რომ გულის ფართხალზე იყოს დამოკიდებული, ციხეები ცარიელი იქნებოდა და სასამართლო პროცესები მთქნარებაში იქნება წარმართული“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს - 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი. აღნიშნულ საქმეზე ნია იმნაძე სასამართლოშია დაბარებული, თუმცა ის ამ დრომდე არ ცხადდება.