ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა 11 მაისს გასამართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ისაუბრა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, გაფართოებულ კრებაზე 1 500-მდე დელეგატი იქნება, თუმცა მათ გადაწყვეტილების მიღებისა და აზრის გამოთქმის საშუალება არ ექნებათ.

"დელეგატების საკითხი ძირითადად გადაწყვეტილია, ითქვა, რომ ყველა ეპარქიამ უნდა წარადგინოს წინასწარ სია. მე წარდგენილი მაქვს. ამ სიის მიხედვით იქნება დელეგატების დაშვება კრებაზე, ყველას ექნება თავისი პირადობა. ამ სიას გადაამოწმებენ და შემდეგ დაუშვებენ კრებაზე. ეპარქიიდან ორი მღვდელი უნდა იყოს. გარდა ამისა, მონასტრებიდან ორ-ორი წარმომადგენელი. როგორც გვითხრეს, წარმოვადგინე ორ-ორი ადამიანი.

გადაწყვეტილების მიმღები არცერთი დელეგატი არ იქნება. ვფიქრობ, ეს დელეგატები კრების საჯაროობისთვის არის. საერთოდ ჯობდა, პირდაპირ ეთერში მომხდარიყო ეს ყველაფერი და დელეგატები არ დაგვჭირდებოდა.

დელეგატები აზრს არ გამოთქვამენ. თავიდან ითქვა, რომ დელეგატებმა აზრი გამოთქვან, მაგრამ მერე დავთვალეთ, სულ მცირე, 1500 დელეგატია, ყველამ აზრი რომ გამოთქვას, ფიზიკურად შეუძლებელია. სავარაუდოდ, მათი ფუნქცია კრებაზე დასწრება იქნება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.