სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.

პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო მოსასვენებელი და ბავშვთა-გასართობი სივრცეები, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სამუშაოების დასკვნით ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

"ორხევის დასახლებაში სამგორის რაიონის გამგეობა ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს. ტერიტორიაზე ეწყობა რეკრეაციული სივრცე. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების ჩატარება, რადგან ადგილზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. ძველი, ავარიული ავზები იყო, რომელიც არ ფუნქციონირებდა და საფრთხეს წარმოადგენდა, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. აღნიშნული ავზების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, ასევე მოეწყო სავარჯიშო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონი. ტერიტორია სრულად გამწვანდება. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან კარგი და სასიამოვნო სივრცე შეიქმნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 629 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ხაბარელმა დაათვალიერეს.