სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

მათი მოთხოვნაა, დაისაჯონ მათ შვილზე მოძალადე პირები.

 გიორგი დავითაძის დედის ირმა დავითაძის  განცხადებით, უნდა გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც.

"ერთი წლის თავზე რატომ არ არის ჯერაც გამოძიებული? 10-12 მოძალადე რით ვერ დაკითხეს? ეგ საკენკი დაუყარონ თავიანთ მომხრეებს, ვისაც აბოლებენ და ატყუებენ. გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც [სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე], ტრაპაიძეც [რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე] და მისი ჯალათებიც! ეს არის ჩემი მოთხოვნა. ეს არ არის ერთი შემთხვევა, უამრავი შემთხვევაა ციხეებში. ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი, რაზეც თქვენ სხედხართ”, - განაცხადა ირმა დავითაძემ.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ინფორმაციით, ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს. მან პროტესტის ნიშნად, 4 ოქტომბერს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლის თვალწინ, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი, კლინიკაში გადაყვანაზე კი უარი განაცხადა.