ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრისა და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

"ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა დაკვირვება გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"პაციენტი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია“, - განაცხადა ექიმმა.