საბურთალოს რაიონში, ქოშიგორას დასახლებაში, დიღმის ქედის N27-ის მიმდებარედ მეწყერსაშიში მონაკვეთისა და გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფერდის გამაგრება ხიმინჯებითა და ანკერების საშუალებით განხორციელდება.

"აღნიშნული პროექტით ფერდის გამაგრების გარდა, სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა. სამუშაოების დასკვნით ეტაპზე, აღდგება დაზიანებული გზის მონაკვეთი და დაიგება ასფალტის საფარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მონაკვეთი იქნება უსაფრთხო. ასევე, შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც განხორციელდება. დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.