ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 პირს ეძებენ, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია, - ამის შესახებ ადგილზე მისულმა შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან 4 ადამიანია ამოყვანილი და კლინიკებშია გადაყვანილი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

"ადგილზე მობილიზებულია შსს-ს ყველა დანაყოფი. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია კლინიკებში. სამწუხაროდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს 7 პირის ძებნა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მოსახლეობა კორპუსიდან ევაკუირებულია", - განაცხადა თამაზაშვილმა. 

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

მედიკოსების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება, თერმული ინჰალაციური და ბაროტრავმა.

ასევე საყურადღებოა დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ბავშვის დედას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.