ზღვისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, N22 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

"ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, ზღვისუბნის დასახლებაში, სადაც ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს: წინა ხელისუფლების პირობებში, ის გასხვისებული იყო, რათა აქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო, თუმცა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს. ჩვენი პირობა შევასრულეთ. დღეს აქ ეწყობა ძალიან კარგი პარკი.  სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და ადგილობრივებს ექნებათ მოწესრიგებული სივრცე, სადაც დასვენებას და ვარჯიშს შეძლებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ზოგადად, რეკრეაციული სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

"პირველად 2017 წელს ამირჩია დედაქალაქის მოსახლეობამ მერად და იქიდან მოყოლებული ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ გამწვანების მიმართულებით. ამ თემას არ ეთმობოდა შესაბამისი ყურადღება, მიზანმიმართულად ხდებოდა რეკრეაციული არეალების, სპორტული მოედნების გასხვისება. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ქალაქის ურბანულ განვითარებას, მშენებლობას, თუმცა მწვანე არეალები, რეკრეაციული სივრცეები ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც მოიცავდა არსებული პარკების რეაბილიტაციას, განახლებას, სკვერების მოწესრიგებას. ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ სკვერს, პროექტის მიხედვით, 3 800 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება; მოეწყობა ე.წ. სტრიტბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. პროექტის ღირებულება 800 000 ლარია.

ტერიტორიაზე  ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე შესრულდა. ამ ეტაპზე, მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მერთან ერთად ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდნენ.