"ოცნების" პროპაგანდისტული ტელევიზიიდან განსხვავებული აზრის გამო, თანამშრომლებს ათავისუფლებენ. post tv-ის დილის გადაცემის წამყვანი ანა ამილახვარი წერს, რომ ძალადობის დაგმობისა და რუსული კანონის მეორედ შემობრუნების გამო გამოთქმული გაოცებისთვის, სამსახურიდან გამოუშვეს.

"ჩემო მეგობრებო,  აღარ ვარ ტელევიზია post tv- ს თანამშრომელი.  მიმყავდა დილის გასართობი გადაცემა "პოსტ ალიონი". ორი კვირის წინ,  აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება,  ერთი წლის შემდეგ. 

ზუსტად ვიცოდი რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდა პრეცედენტი (მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს) მოკლედ  დაველოდე  და ისე მალე მომიხმეს გამეცინა. ბევრი რომ არ გავაგრძელო,  ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ მე ჩემს გზაზე, ისინი თავისაზე.

გუშინ ვიგებ, რომ სხვებსაც გაუწყვიტეს თანამშრომლობა. გაოცებული ვარ, ამ დემოკრატიულ, სინათლით სავსე ქვეყანაში რანაირად მოხდა ასე, მაგრამ რას ვიზამთ?! 

ახლა გამოხტებიან ზოგ ზოგიერთები ჩემს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე დიდად გული რომ შესტკივათ და მკითხავენ მანდ საერთოდ რატო მუშაობდიო?! არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო ამიტომ თავი შეიკავეთ გთხოვთ...", - წერს ამილახვარი.