საქართველოს მთავრობამ მის მიერ გაფუჭებული საქმეების მოსაგვარებლად საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის გამო 2016-2024 წლებში მხოლოდ საადვოკატო მომსახურებაზე ბიუჯეტიდან დახარჯა დაახლოებით 350 მილიონი ლარი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟებში დღეისათვის ქვეყანას  3,3 მილიარდ დოლარს ედავებიან.

"საქართველოს მთავრობამ მის მიერ გაფუჭებული საქმეების მოსაგვარებლად საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის გამო 2016-2024 წლებში მხოლოდ საადვოკატო მომსახურებაზე ბიუჯეტიდან დახარჯა დაახლოებით 350 მილიონი ლარი. 

საერთაშორისო არბიტრაჟებში დღეისათვის გვედავებიან 3,3 მილიარდ დოლარს. ასეულ მილიონობით დოლარი უკვე გადავიხადეთ ან გადასახდელია არბიტრაჟებში  დასრულებულ საქმეებზე. 

კატასტროფული შედეგები დადგა შარშან, რომლის მიჩქმალვაც უნდა მთავრობას და ხმას არ იღებს: ნამახვანის ჰესიდან ინვესტორის გაძევების შედეგად ქვეყანას დაეკისრა 383 მილიონი დოლარის გადახდა ( საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ICC-ს არბიტრაჟში, პარიზი), ხოლო რუსულ “ინტერრაოსთან” დავაში დაგვეკისრა 76 მილიონი დოლარის გადახდა( სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟი). 

ინტერრაოს საქმე დამთავრებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ნამახვანთან დაკავშირებით მხოლოდ პროცედურებზე შეიძლება ვედავოთ, დრო მოვიგოთ, მაგრამ თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შედეგები არ შეიცვლება. 

460 მილიონი დოლარი, ანუ თითქმის იმდენი, რამდენიც ანაკლიის აშენებას ეყოფოდა, დააკარგვინა ქვეყანას ამ რუსულმა რეჟიმმა. ეს არის დიდი დანაშაული და ყველამ უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ ეს ორი ფაქტი საკმარისია, რომ “ოცნების” მთელი მთავრობა გასამართლდეს. “ინტერრაოს” შემთხვევაში უშუალო პასუხისმგებელია კახა კალაძე, ხოლო თურქული “ენკას” შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი", - წერს რომან გოცირიძე.