სტივ კინმა ქუთაისის "ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მის შემცვლელად კი რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

"გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან „ტორპედოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. სტივ კინი გუნდიდან წავიდა, მის ადგილზე რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, უცხოელსაც და ქართველსაც, მაგრამ ვინ დაინიშნება, ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული. რამდენიმე მაღალი დონის კანდიდატი გვყავს შერჩეული და იმედია, მოლაპარაკებას მალე დავასრულებთ.

კანდიდატთა შორის არის დირკ შუსტერი, რომელიც „კაიზერსლატერნს“, „აუგსბურგსა“ და „დარმშტადტს“ წვრთნიდა, ეს უკანასკნელი ბუნდესლიგაში გადაიყვანა და 2016 წელს  ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ასევე განიხილებიან ინგლისის ჩემპიონშიფის თვის საუკეთესო მწვრთნელად რამდენჯერმე დასახელებული სლავიშა იოკანოვიჩი, რომელსაც უმუშავია „ფულემში“, „უოტფორდსა“ და „შეფილდში“, სერბი სრდან ბლაგოიევიჩი – სერბეთის, ყაზახეთისა და უნგრული კლუბების ყოფილი მწვრთნელი, პორტუგალიელი რიკარდო ფორმოსინიო, რომელიც „ჩელსიში“ და „ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიოს ეხმარებოდა, ახლა კი მასთან ერთად „ფენერბაჰჩეში“ მუშაობს“, – განაცხადა დავით დოლაბერიძემ.