თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, ოპერირება დაიწყო უზბეკურმა ავიაკომპანიამ Fly Khiva, რომელი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს. 

Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით  აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები  უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.

Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო  და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

2024 წლის დეკემბრიდან  Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა. Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებს და ორ  Boeing 757-300  ტიპის  სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნესკლასის 22 და ეკონომკლასის 203  ადგილით.

ტავ ჯორჯიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი 2.