სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელიც აშშ-დან უეცარი დაბრუნების შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს, სტაბილურ და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. თუმცა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვეული გრაფიკით მუშაობას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ექიმმა და სამხედრო სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა დრაგან დინჩიჩმა განაცხადა.

ექიმის თქმით, ვუჩიჩი სასწრაფოდ დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან და ბელგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში მოათავსეს არტერიული წნევის მკვეთრი მატების მსგავსი სიმპტომების გამო. ეს ვუჩიჩს ბოლო 10 წლის განმავლობაში უკვე სამჯერ დაემართა.

"პრეზიდენტი სამხედრო სამედიცინო აკადემიას ერთ საათში დატოვებს, თუმცა უახლოეს დღეებში ჩვეულ სამუშაო რუტინას სრულად დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა“, - თქვა მან.

ექიმის თქმით, აშშ-ში ყოფნის დროს ვუჩიჩმა გულმკერდის არეში ხანმოკლე ძლიერი ტკივილი იგრძნო. ინტენსიური თერაპიის შემდეგ წნევამ დაიწია, თუმცა ამერიკელი ექიმების დარჩენის რეკომენდაციის მიუხედავად, ვუჩიჩმა სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

3 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვუჩიჩმა მოულოდნელად გააუქმა ვიზიტი შეერთებულ შტატებში და სერბეთში ბრუნდებოდა. შუადღისას სერბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვუჩიჩი ბელგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში გამგზავრებას გეგმავდა, შეიცვალა თუ არა მისი გეგმები, ჯერჯერობით უცნობია.