საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სს “ენერგო-პრო ჯორჯია” დააჯარიმა. კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 000 ლარის გადახდა დაეკისრა და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრა.

სემეკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას" დარღვეული ჰქონდა საინვესტიციო გეგმითა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლების მიერთების მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები, რაც წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევას.

სემეკის მიერ 1 მაისს, საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევების განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება გაორმაგებული ჯარიმა.